ეკა ბესელია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღიან ვადას იღებს – ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბესელიამ თქვა, რომ შეხვედრაზე მისთვის ნათელი გახდა ერთი რამ, რომ მოახლოვდა დრო, როცა მან და მისმა თანაგუნდელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ახერხებენ თუ არა საერთო და ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას.
ბესელია ამბობს, რომ ის არ იჩქარებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს წინა ხელისუფლების დაბრუნებას და 2020 წელს მართვის სადავეები სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღოს.
„ალბათ დადგა ის ეტაპი და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან დაკავშირებით და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სურათი თუ ვერა, ეს ეტაპი დავინახე რომ ძალიან ახლოს მოვიდა.
“სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა რაიმე ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის რეამინირებას და მობრუნებას 2020 წელს, მე არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს ისევ და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება, ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, ჩვენ შევძლებთ ერთად ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, რომლის დაფუძნებულიც ვარ, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი, ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ.
“ახლა ვხედავთ, რომ დღევანდელმა მსჯელობამაც, ბიძინა ივანიშვილმაც პირდაპირ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვისი განცხადებაა სწორი და ვისი არასწორი, თქვა რომ დღეს დასრულდეს აქ პოლემიკა საჯარო და შიგნით ვისაუბროთ. ახლა გვაქვს სრულიად არაორდინალური მოცემულობა, დღევანდელმა შეხვედრამ დამაყენა არჩევანის წინაშე,”-ამბობს ბესელია.
კომენტარები