რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, რაუფ არაშუკოვი ორი ადამიანის მკვლელობის, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით სხდომათა დარბაზში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მძღოლიც.

გამოძიების ინფორმაციით, რაუფ არაშუკოვი ბრალდებულია ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ასლან ჟუკოვისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის მრჩევლის, ფრალია შებხუზოვას მკვლელობაში.

გენერალურმა პროკურორმა ფედერაციის საბჭოში რაუფ არაშუკოვისთვის იმუნიტეტის მოხსნისა და დაკავების შესახებ მოთხოვნა სენატორების წინაშე წაიკითხა. BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ბრალდებულ სენატორს დარბაზიდან გაქცევა სურდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს.

სენატორებმა იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.  ამავე დღეს, დააკავეს სენატორის მამა, რაულ არაშუკოვი, რომელსაც გაზპრომისთვის 30 მილიონი რუბლის ღირებულების გაზის მოპარვაში ედება ბრალი.