პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საზოგადოებას მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მათ პეტიციაზე დარჩენილი 400 ხელმოწერის შეგროვებას სთხოვს. სწორედ ხელმომწერთა ეს რაოდენობაა საჭირო, რათა პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოფიციალურად განიხილოს.
პეტიციის ავტორები პარლამენტს კომისიასთან ერთად პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დანაშაულის შეფასებას, პროკურატურისგან კი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
პეტიცია 2018 წლის 26 დეკემბერს შეიქმნა – ზუსტად ერთი წლისთავზე იმ სპეცოპერაციიდან, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ამ ხელისუფლებისგან არანაირი დადებითი პასუხი, რომ არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ხალხმა ამ ბავშვის უდანაშაულობა, რომ დაინახოს და ის ნაწილი, რომელიც დღესაც ტალახს მესვრიან და ცდილობენ ჩემზე რაღაცის დაწერას და იმ ბავშვზე, იმათაც გაიგონ, რომ ის ბავშვი არის უდანაშაულოს მოკლული. ეს არის დიდი დანაშაული,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომენტარები