პოლიტიკური გარჩევის მეორე რაუნდი “ოცნებაში” 11:00 საათზე დაიწყება. როსტომ მეფის სასახლეში გაიმართება და მას კვლავ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოისმენს დაპირისპირებული მხარეების არგუმენტებს მოსამართლეების სადავო სიასთან დაკავშირებით.
გუშინ მმართველი გუნდის წევრებმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩანიშნულიყო.
ივანიშვილთან შეხვედრიდან გამოსული მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ დაპირისპირება, რომელიც პარტიის წევრებს შორის იყო განეიტრალებულია. მათი თქმით, გუნდიდან ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერი დეპუტატების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
როსტომ მეფის სასახლეში გუშინ შეხვედრაზე მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ სასაუბრო კიდევ ბევრი აქვთ და მტყუან-მართლის გასარკვევად დღეს გამოყოფილი 4 საათი საკმარისი არ აღმოჩნდა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გუშინ შეხვედრიდან გამოსულებმა ისაუბრეს საკადრო ცვლილებებია. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში არ დაუკონკრეტებიათ ვინ შეიცვლება ან იქნება თუ არა ცვლილებები მაღალ პოლიტიკურ დონეზე.
სავარაუდოდ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა შეაჯერებენ თუ არა პოზიციებს „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველების და ახლების წარმომადგენლები. უცნობია გამოჩნდება თუ არა პარტიის თავმჯდომარე მედიასთან. გუშინ ივანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები