მოსამართლეობის კანდიდატების აცილების შემდეგ, ახლა მთავარ საკითხად რჩება ის, თუ რა რეგულაციებს მოამზადებს სასამართლო სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფი. საკითხზე მსჯელობა უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ცვლილებები საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა მომზადდეს და კონკრეტულად გაიწეროს ის კრიტერიუმები, რითაც შეარჩევენ კანდიდატებს.
„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდება ამ კრიტერიუმების დადგენა. მოხდება ახალი სიის ფორმირება ამ კრიტერიუმების შესაბამისად და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ისე მოხდება უკვე სიიდან წარმოდგენა,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელია სამუშაო ჯგუფის ფორმატში მათი რეკომენდაციებიც იყოს გათვალისწინებული, რაც გარანტია იქნება იმის, რომ ახალ სიაში ვეღარ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც სამოქალაქო პროტესტის მიზეზი გახდნენ.
„ჩვენთვის ეს პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა სამწუხაროდ ნამდვილად არ ველოდები იმას, რომ კობახიძის ჯგუფი რაიმე რეალურ რეფორმას შეიმუშავებს იმისთვის, რომ მივიღოთ გამართული მართლმსაჯულების სისტემა სადაც კონკრეტული კლანები არ აკონტროლებენ ქართულ მართლმსაჯულებას,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
“ევროპულ საქართველოში” კი ამბობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
„მთავარი მისაღწევი ჯერ კიდევ დარჩა თუმცა ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი , რომ ამ ადამიანებს , რომლებიც უცბად აპირებდნენ წინასაახალწლოდ, რომ გარანტირებული ადგილი ჰქონოდათ სასამართლოში, მათ მოუწიათ ამაზე არის თქმა,“-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
კომენტარები