საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა, როგორც ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო მიიღო და არა ვინმესთან უთანხმოების გამო.
მისივე თქმით, გუნდურობასთან დაკავშირებით იგი არავისგან შენიშვნას არ მიიღებს.
„გუნდურობაზე არ მივიღებ არავისგან მინიშნებებს და მითითებებს, განსაკუთრებით მათგან, ვინც 2012 წლის გამარჯვების შემდეგ მოვიდა ჩვენთან და მით უფრო 2016 წელს. ჩემთვის ეს ფაქიზი თემაა. ფრთხილად არის საჭირო ამ თემაზე საუბარი. მე არ მჭირდება გუნდურობაზე და სტანდარტების დაცვაზე მითითება.
გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გვქონდა და მაქვს. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ყველაზე კარგად ვიცი და ვინც აკეთებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას, ეს არის არაგუნდურობა და არაეთიკური. თუ აინტერესებთ, ამ ადამიანებმა ჯერ უნდა მკითხონ მიზეზი“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ბესელიას თქმით, შესაბამის განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარუდგენს.
წყარო: ipn.ge
კომენტარები