საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს გვარდიის დაარსების დღეს ულოცავს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
„დღეს 28 წელი შესრულდა საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს. ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე. პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები