ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აშშ-ს მიერ ირანისთვის ცალმხრივი სანქციების დაწესებას ტერორისტული აქცია უწოდა.
„აშშ-ს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება ტერორისტული აქციაა, ვინაიდან ისინი ამგვარად ცდილობენ დააშინონ ჩვენი პარტნიორები და მათ ემუქრებიან, რათა ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობები არ აწარმოონ. აშშ ემუქრება ქვეყნებს, კომპანიებს, ბიზნესმენებს, მათ, ვინც ეკონომიკის სფეროში მუშაობს. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესებს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან რუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ს და იმედი გამოთქვა, რომ „ის დრო, როდესაც გადაწყვეტილებებს ერთი ქვეყნის სასარგებლოდ იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ ირანისათვის 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ძალაში მიმდინარე წლის ნოემბერში შევიდა. სანქციები ეხება როგორ ნავთობის ექსპორტს, ასევე ირანის საბანკო სექტორს და მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.
კომენტარები