ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თქვა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და აქ ჩამოვედი, რათა გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა.
მე ვისურვებდი ასევე მესაუბრა იერუსალიმზე, ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციპი ჰოტოველმა, რომელიც თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.
ისრაელის მოქალაქეები იერუსალიმს თავიანთ „ერთიან და განუყოფელ“ დედაქალაქად მიიჩნევენ, მისი აღმოსავლეთ რაიონების და ისტორიული ცენტრის ჩათვლით, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ იორდანიას ჩამოართვეს. მსოფლიოს ნაწილი აღმოსავლეთ იერუსალიმს, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები