ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივის მისაკუთრება გადაწყვიტეს, რომელიც მამუკა ბახტაძემ ხვალ, 19 ნოემბერს უნდა გაახმოვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
საუბარია ე.წ. საბანკო შავ სიებზე. ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას ამ შავი სიებიდან მოქალაქეების ამოღება მოსთხოვა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობა” გაიგო, რომ ხვალ პრემიერმინისტრი ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ გამოაცხადებდა და ამ ინიციატივის მისაკუთრება გადაწყვიტეს.
„შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი, რაც უვარგოდა, იყო პიარი. ამ მხრივ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ. დღეს, პანიკურ სიტუაციაში, აქაც ჩავარდნა მოუვიდათ, რადგან დადგეს სცენა, თითქოს დღეს რაღაცას მოითხოვენ. ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ ხვალ პრემიერი ძალიან სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს. ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს. რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა შეთანხმება, “ოპოზიციის კანდიდატი პანიკაშია, ხელის კანკალით გამოვიდა და რაღაც მოთხოვნა დააყენა. ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კახა კალაძის განცხადებით კი, ე.წ. საბანკო „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ გადაწყვეტილებას, რამაც „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში ჩააგდო და კლოუნადა მოაწყო.
“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობას წაუყენა რამდენიმე მოთხოვნა მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით. ვაშაძე მოითხოვს ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და ჩამოეწეროთ ვალდებულებები. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები