ვერის პარკში აქცია „არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულდა. აქციის მონაწილეები შეკრებას 7 ნოემბერს, „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ აპირებენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი”ავრცელებს.
როგორც დღევანდელ აქციაზე ითქვა, 7 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, თუ როგორი სასტიკი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომლის დაბრუნებაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ვერის პარკში შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს.
ითქვა ისიც, რომ ისინი უკმაყოფილო არიან „ქართული ოცნების“ მმართველობით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულია ბევრი შეცდომა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით „ქართული ოცნება“ დანაშაულებრივი რეჟიმი არ არის.
საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც დღეს ვერის პარკში შეიკრიბა, აქციების გამართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც აპირებენ. მათივე განცხადებით, დიდი საპროტესტო აქცია არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება. ვერის პარკში გამართული აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ პარლამენტის ყოფილი წევრები ლექსო თამაზაშვილი და დავით ლორთქიფანიძე.
გრიგოლ ვაშაძე არის ბუტაფორია, რეალურად, ძალაუფლების ხელში აღება მიხეილ სააკაშვილს სურს , – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბადალაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე არის სატყუარა, რომელმაც მთავარი ფუნქცია უნდა შეასრულოს – ჯალათების შეწყალება.
„ამ ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვას, ქართულ ოცნებას კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, რათა ,ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება არ დაუშვას“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ და საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
გუშინ მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას 7 ნოემბერს შეკრებისკენ მოუწოდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება“ და სწორედ აღნიშნული საკითხია შეკრების მთავარი თემა.
მანამდე სოციალურ ქსელში კამპანია #არამიშას დაიწყო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.
წყარო: imedinews.ge
ფოტო: 1tv.ge
კომენტარები