საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის წევრი, კობა ნაკაიძე, ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰანს ჰანსოსა და კომიტეტის წევრებს, ანც ლაანეოცს, მადის მილინგს, იოჰანეს კერტსა და სამდივნოს უფროსს, აივარ ენგელს შეხვდნენ.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ქალბატონ კაი კაარელსონის ინიციატივით შედგა. „მოხარული ვართ, რომ ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ორ ათეულ წელზე მეტია სამაგალითო ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსა და ესტონეთს, რაც ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. აღნიშნული შეხვედრაც იმის დასტურია, რომ ჩვენთვის საპატიო სტუმრები ხართ, რაც დადებითად აისახება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე,“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.
ფრაქციის წევრის, კობა ნაკაიძის, განცხადებით, „მისასალმებელია, რომ ესტონეთი იყო და არის საქართველოს მუდმივი მხარდამჭერი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით; ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის ძლიერი მხარდაჭერა ესტონეთის მხრიდან. ჩვენი მიზანია, რომ ის ორმხრივი ურთიერთობა, რაც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, კიდევ უფრო გაძლიერდეს.“
კომენტარები