სალომე ზურაბიშვილს რომ სამშობლოს მოღალატეობას აბრალებ და რუსული შეთქმულების გამტარს უწოდებ, ამაზე დიდი სიბეცე და უზნეობა რა უნდა იყოს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„რუსთავი 2-მა“ სიცრუის ტირაჟირებითა და თავისი ბოდვით მოახერხა და რაღაც ჯგუფში ეს განცდა გააჩინა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი ფაქტორი და ბარიერია, რომელიც საღმა, გონიერმა და კრიტიკულმა აზრმა უნდა გადალახოს. ასეთი რამ სალომე ზურაბიშვილს როგორ უნდა დააბრალო, მაშინ, როცა გყავს ვაშაძე, ტიპური რუსული მოდელის სახე თავისი ბიოგრაფიით, წარსულით, აწმყოთი, თუ თავისი სენტიმენტებით?!“, – განაცხადა ბესელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ მიზეზთა შორის, რის გამოც მეორე ტური გახდა საჭირო, არის თუ არა ერთ-ერთი ფაქტორი ის, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით არ მონაწილეობდა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილში ეს მიზეზი იყოს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს ერთი დიდი, გამოკვეთილი ფაქტორია.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთი თვე საკმარისია, რათა მეორე ტურში ძალების სრული მობილიზება გაკეთდეს, რათა ბნელი პოლიტიკური წარსულის მქონე ძალის რევანში არ დავუშვათ.
კომენტარები