სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით თვალავაძის დაცვის მხარემ მიმართა, რის საფუძვლადაც მან დაკავებულის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
„ჩავატარეთ ექსპერტიზა. გიას მდგომარეობა არის რთული. შესაბამისად, ექსპერტის პასუხები წარვიდგინეთ სასამართლოს და მოსამართლემაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.
შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 პირი.
კომენტარები