საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცახდებით ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია ცდილობს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში დემორალიზება გამოიწვიოს. ამის შესახებ ლევან იზორიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია თავდაცვის უწყების წინააღმდეგ, რომლის მიზანია, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება, შექმნას ნეგატიური განწყობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შეიარაღებული ძალები განხორციელებული რეფორმებითა და წარმატებებით არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც სამაგალითო სტრუქტურა. სწორედ ეს წარმატებები აღიზიანებს სიცრუის ტელევიზიას და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მათი თავდასხმები იძენს ამორალურ ხასიათს.
გუშინ ინტერვიუს დროს სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა ბრძანა, რომ თითქოს აღებული მაქვს კრედიტი 700 ათასი დოლარის ოდენობით, სინამდვილეში კი ჩემი საკრედიტო ვალდებულება შეადგენს 145 ათას დოლარს.
ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთი შევიძინე, სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე, იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში, როგორც საქართველოში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწეობით. სახლის მშენებლობას 4 წელი დასჭირდა და ის წლებია გაქირავებულია. ამან მომცა კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
ამით კი ავაშენე სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ეს ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი დეკლარაციაში, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მიზანია, მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას და განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების თითოეულ წარმომადგენელს, რომლის მიმართ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა გააჩნია“, – განაცხადა მინისტრმა. ლევან იზორიამ დეტალურად გასცა პასუხი ჟურნალისტების შეკითხვებს, რაც მის ქონებრივ დეკლარაციას შეეხო.
„თუ დეკლარაციას წაიკითხავთ, იქ ნათლად წერია, რომ 2015 წელს გაქირავდა სახლი, რამაც საფუძველი მომცა სოლიდური კრედიტის აღების, რაც თქვენც ბრძანეთ, დამატებით მეც ავიღე კრედიტი, ანუ ოჯახის წევრებმა ავიღეთ კრედიტი და, შესაბამისად, ეს კრედიტი იძლევა შესაძლებლობას დამატებით იმ ქირიდან შემოსული შემოსავლით, რომელიც 2015 წლიდან 2016 წლამდე არის და ეს პერიოდი შეგიძლიათ დაიანგარიშოთ და გადათვალოთ, აბსოლუტურად საკმარისია სახლის აშენებისთვის იმ თანხის მოცულობით, რა თანხასაც ბრძანებთ. დღეს კი, კრედიტს ვიხდით, სწორედ, ქირიდან შემოსული შემოსავლით და, მათ შორის, სახელფასო უზრუნველყოფით და მეტიც, ოჯახს რჩება დაახლოებით 4000 ლარზე მეტი იმისთვის, რომ ნორმალურად იარსებოს. ჩვენ სხვა არავითარი მოძრავი ქონება ამ პერიოდში არ შეგვიძენია“, – განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები