რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონა თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოჰყავთ. გოგონას კლინიკა „რუსთავში” გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით წამოიყვანეს.
კიდევ ერთ დაშავებულს, 14 წლის მოზარდს ჭრილობები მხრის არეში აღენიშნება და სავარაუდოდ, მკურნალობა ისიც თბილისში გააგრძელებს.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.
„21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები