ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3 გაათავისუფლეს. მათ პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა.
დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს. ბრალი კი ოფიციალურად წაუყენეს მარინა ესაძეს ქმარს, მამუკა ესაძეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, გატაცების ორგანიზატორია.
ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული ჯგუფის წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა და ოჯახში უვნებლად დააბრუნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.
კომენტარები