რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 57-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ საჩხერეში გახსნა. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები, ძირითადად, ორიენტირებული არიან ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი პირველი საზოგადოებრივი ცენტრია, სადაც მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის, სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროებისა და კერძო სტრუქტურების სერვისების მიღების გარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მხრიდან პრობაციონერთათვის მომსახურებაც იქნება შესაძლებელი.
პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. ეს ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს საშუალებას მისცემთ, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე მიიღონ საჭირო მომსახურება და სერვისისათვის მიმართონ იმავე ინფრასტრუქტურას, რასაც მიმართავს მოქალაქე, რომელსაც პასპორტის ან დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არაა. თეა წულუკიანის ინიციატივის მიზანი საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზაციის სრულად აღმოფხვრაა. პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში მოემსახურებიან. საჩხერის შემდეგ პრობაციის სერვისები ხელმისაწვდომი იქნება დმანისის, ადიგენისა და წნორის საზოგადოებრივი ცენტრებში. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე; კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. იუსტიციის მინისტრმა საჩხერის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერი ბენო ფალავანდიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა. საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეორეა, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ქალაქ საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ.
კომენტარები