2018 წლის 18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ.
როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 10 წლისთავის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, IPRM-ის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობა. ქართული მხარის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, აშშ-მ და ასევე, მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშად დარღვევის ფაქტს და მოუწოდეს მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ.
ამის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების და შესრულების, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
კომენტარები