ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ედავება რაიან სმიტის და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ლორა სმიტის გაუპატიურების შესახებ, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილის გაუპატიურების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
„კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი გამოძიების ეტაპზე, გიპასუხებთ, რომ თავად გამომძიებელმა დაავალა, რომ მოეძებნა იმ ტერიტორიაზე, სადაც კობაურმა მიუთითა, რომ განხორციელდა დანაშაული. შესაბამისად მან მოიძია გვამები. კითხვაზე: თუ როგორ აღმოჩნდა ლორა სმიტის უკანა ტანში კობაურის გენეტიკური პროფილი, მე ასეთი კითხვა მექნება საპასუხოდ, რომ რატომ იყო რაიან სმიტის გენეტიკური კვალი მისივე უკანა ტანში? ეს ნიშნავს, რომ ექსპერტიზის პასუხი არ არის ნამდვილი და მინიმუმ ფალსიფიცირებულია. შეეშალა ექსპეტიზას ან ფალსიფიცირება მოხდა. აქ არის სხვა ექსპერტიზაც ჩატარებული და არ დასტურდება, რომ იყო ძალადობა ან გაუპატიურება. ჩვენ არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას,“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.
კომენტარები