დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი სამდღიანი წინასაარჩევნო მანიფესტაცია კანონის ფარგლებში წარიმართება.
ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს და თუ აღნიშნული აქციების ფარგლებში, გზის გადაკეტვა იქნება საჭირო, ამას შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
„25 სექტემბერს, დედაქალაქის მერიაში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება.
მანიფესტაციის მონაწილეთა სავარუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მანიფესტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოდროინდელ მცდელობას უკავშირდება, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაიძაბოს.
კომენტარები