„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევს. სწორედ ალექსანდრე ხაჩიშვილმა გაიტანა „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, რაც მისი თქმით, ლევან ყიფიანს გადასცა. ალექსანდრე ხაჩიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ გამოძიებას სწორედ ამ ეპიზოდზე უნდა ესაუბროს.
„რა თქმა უნდა, „თიბისი ბანკის“ ეპიზოდს შეეხება და მივაწოდებ სასამართლოს ამომწურავ ინფორმაციას. რაში ვფიგურირებდი, როგორ გავიტანე ეს ფული, გადავეცი უკანონოდ გატანილი. დანარჩენს რომ გამოვალ მერე მოგახსენებთ. “, – განაცხადა ხაჩიშვილმა.
„ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა მან გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. ხაჩიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ „თი-ბი-სი ბანკიდან თანხის გატანისას ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბანკში თანხის გატანას სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.
კომენტარები