„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ ეს არის თავდასხმა, რომლის მიზანი სადამკვირვებლო საქმიანობასა და სრულფასოვანი წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელების ხელი შეშლაა.
„ამ თავდასხმების მიზანი არის ის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ მუდმივად სტრესულ რეჟიმში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სრულფასოვანი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ, გადავიდეთ მუდმივად მათი განცხადებების პასუხზე. ეს არის ამის მიზანი. წელს ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო გასაკვირი არის, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ოფიციალურად საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს.
შეიძლება გვარამიას განცხადებები არ მოგვწონდეს, არ ჯდებოდეს ჩემს გემოვნებაში ან ირაკლი კობახიძის გემოვნებაში, მაგრამ მას კანონით არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და გარკვეული განცხადებების გაკეთება. პრობლემა იქნებოდა, მას რომ ეთქვა, რომ „რუსთავი 2“ არ დაუთმობს ეთერს სალომე ზურაბიშვილს ან რომელიმე სხვა კანდიდატს, ან რაღაც სხვა სახით შეზღუდავს რომელიმე კანდიდატის უფლებას“,-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
კომენტარები