სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძესა და გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებულებს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.
„სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.
კომენტარები