ასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გუშინდელი სცენარი ვიღაც აბსოლუტურად მახინჯი ტვინის მქონე ადამიანის თავში არის მოფიქრებული სახელისუფლებო გუნდში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ საზოგადოებას ყველაფერს მიჰყიდის და საზოგადოება ყველაფერს გადაყლაპავს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
„ძალიან სერიოზული პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია ქვეყანაში „იბერიის“ დამფუძნებლის განცხადებებმა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში აბსოლუტურად მოშლილია სახელისუფლებო სისტემა, მოშლილია რეაგირების სისტემაც მათ შორის. ის რაც ჩვენ გუშინ ლევანისგან მოვისმინეთ, ჩემი აზრით იყო ერთდროულად რამდენიმე რამე. პირველ რიგში, იმის აბსოლუტური დადასტურება, რომ ადამიანებს, რომლებმაც მას ურჩიეს თუ დაუწერეს ის ტექსტი, რაც მას უნდა ეთქვა, რაც დაინახეს გამოსავლად სახელისუფლებო გუნდში, საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რა ტიპის საზოგადოებასთან აქვთ ურთიერთობა და ვის ელაპარაკებიან.
ამ განცხადებით, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ყოფილი მინისტრისგან, ყველაფერ მანამდე ნათქვამს წერტილი დაესვა და ყველაფერი დადასტურდა პრაქტიკულად, იმდენად აბსურდული, გაუგონარი და არაფრისმთქმელი იყო ეს ჩვენება.
ლევან ყიფიანი, რომელსაც მე ვიცნობ, ძალიან შორს დგას იმ უგუნურებისგან, რაც მან გუშინ ილაპარაკა, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ, რომ ეს მისი მოგონილი სქემაა და მან გადაწყვიტა, რომ ასე უნდა ელაპარაკა, ასეთი მასშტაბის დაცინვით თუ აბსურდულობის დემონსტრირებით საზოგადოების წინაშე, ამას უბრალოდ ვერავინ ვერ დააჯერებს, ვიცნობ რა მას ძალიან კარგად. ნამდვილად არავინ მინდა წარმოვიდგინო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ლევანია და ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფერზე, ჩემთვის ძალიან მძიმეა გამომდინარე იმ პირადი ურთიერთობიდან, რომელიც ამ ადამიანთან მქონია და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად მესმის, რის ფასად უჯდება ამ ადამიანს ეს ყველაფერი“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კომენტარები