2018 წლის 27 სექტემბერს ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 39-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.
ადამიანის უფლებათა საბჭოზე გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე ობიექტური და სამართლიანი რეაგირებისთვის. ხათუნა თოთლაძემ უმაღლეს კომისარს დაუდასტურა ქართული მხარის მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს გააცნო უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებსა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს. აღინიშნა, რომ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა, გიგაოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებთან ერთად, ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას.
აღნიშნულ კონტექსტში, ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდოგმარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-სადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მომზადებულ იქნა 2018 წლის 23 მარტს HRC-ის მიერ მიღებული რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან” შესაბამისად. ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას.
სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს, გასული წლის მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.
აქედან გამომდინარე, უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.
უმაღლესი კომისრის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.
დოკუმენტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებში რეგულარულად ხდება სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი. სხვა დარღვევებთან ერთად, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და მის უარყოფით შედეგებს განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების დაცვაზე.
სხდომაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშს გამოეხმაურა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის, იაპონიის, გერმანიის, უნგრეთის, უკრაინის, ისლანდიის, ესტონეთის, ლიტვის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, შვედეთის, ლიტვის, მონტენეგროს, რუმინეთის, პოლონეთის, ნორვეგიის, მოლდოვის და ბულგარეთის დელეგაციებმა.
კომენტარები