იუსტიციის სახლი დღეს იქამდე იმუშავებს, ვიდრე ბოლო მომხმარებელი არ მიიღებს სასურველ მომსახურებას, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„18:00 საათზე კარის დაკეტვას და მოქალაქეების გარეთ დატოვებას არ ვაპირებთ. ხვალ იუსტიციის სახლი მუშაობს, მაგრამ არა საჯარო რეესტრის მიმართულებით, შესაბამისად, დღეს არის ბოლო დღე, როდესაც იუსტიციის სახლში არის შესაძლებელი მოსვლა და ამ მიმართულებით იმ განსაზღვრული პირების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. დღეს დავაკმაყოფილებთ ნაკადს. ვმუშაობთ ბოლო მომხმარებლამდე“, – განაცხადა აზაურაშვილმა.
იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. ეს სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.
კომენტარები