რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო განხილვები იწყება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე იმ მტკიცებულებათა გადამოწმებას მოითხოვს, რომლებიც ადვოკატების მტკიცებით, ფალსიფიცირებულია. ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, „ეს არის ჩადებული მოწმეების საქმე“.
„იწყება წინასასამართლო სხდომების განხილვები გიორგი ჭანტურიას ბრალდების საქმეზე და ეს საქმე რეალურად არის ჩადებული მოწმეების საქმე. წინასასამართლო სხდომაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ სასამართლოს წინაშე საკითხებს, რაც საჭიროებს გადამოწმებას და რაც უდავოდ დაადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ნაწილობრივ ფალსიფიცირებულია“,-განაცხადა ბასილაიამ.
სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლული იპოვეს. შემთხვევის შემდეგ გამოძიებამ გიორგი ჭანტურია მოწმის სტატუსით არაერთხელ დაკითხა, თუმცა ის მკვლელობიდან შვიდი თვის შემდეგ დააკავეს.
კომენტარები