ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში განთავსდება: “112”, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.
“საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და “ერთი ფანჯრის” პრინციპით მოსახლეობას, დაახლოებით, 50 საპოლიციო სერვისს აწვდის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში.
მეორე ასეთი ცენტრი, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში იქნება”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
რაც შეეხება პოლიციის რეგიონულ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ნინო ჯავახაძის თქმით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.
კომენტარები