საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი მიიღო. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ნატო-ს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტების გააქტიურება და გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი, ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე პირველად შედგა შეხვედრა, ადასტურებს, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბარი შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გავლენაზე საქართველოს თავდაცვის უნარიანობის მიმართ. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აუცილებლად დააკვირდება პროცესს, რომელიც საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
კომენტარები