საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნამდე 3 დღე რჩება. ბათუმს უკვე ეწვივნენ ფიდეს დირექტორატის წევრი ჯეფრი ბორგი და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი, 2 დღეში კი საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი და დელეგატი ეწვევა, რაც საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში სარეკორდო მაჩენებელია.
ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მისაღებად უკვე სრულადაა მოწყობილი ბათუმის ახალი, ორდარბაზიანი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე და მის მიმდებარედ ახლადაშენებეული დარბაზი, სადაც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ყინულის სასახლე დაიწყებს ფუნქციონირებას.
სპორტული ინფრასტრუქტურა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მოინახულა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, „ბათუმი 2018“-ის თავმჯდომარე გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.
კომენტარები