დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სასულიერო პირების კრიტიკას შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება რის ბიძინა ივანიშვილის აზრი, რომელიც ემსახურება მიზანს, რომ არავინ შეუშალოს ხელი ქვეყნის მითვისებაში.
„კონკორდატი, ეს გახლავთ კონსტიტუციური ინსტიტუტი და სანამ რომელიმე პოლიტიკოსი მასზე რაიმე სულელურ აზრს გამოთქვამდეს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს, რას ამბობს. მაგრამ ეს განცხადება არის ბიძინა ივანიშვილის აზრი, რომელსაც ვერ მოუნელებია ის თანხები, რაც გასცა ეკლესიაზე და უნდა, რომ ან სრულიად დაიმორჩილოს ეკლესია, ან გაანადგუროს. დღეს უკვე, ფაქტობრივად გადავიდნენ მუქარაზე და ეს ემსახურება მიზანს, რომ არავინ შეუშალოს ხელი ქვეყნის მითვისებაში, მარიხუანას დათესვაში, საზოგადოების თრიაქით თრობაში და, რა თქმა უნდა, ამ გზაზე მას წინააღმდეგობად ესახება საზოგადოებასთან ერთად ეკლესია“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს აკრიტიკებს. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში არ უნდა ერეოდნენ. მისივე განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონკორდატი ზედმიწევნით იყოს დაცული და სასულიერო პირებმა ხელისუფლებაზე გავლენა ვეღარ მოახდინონ.
კომენტარები