საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიისას განაცხადა.
კონფერენციაზე პრემიერმინისტრთან დისკუსიის მოდერატორია Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუისი, რომელმაც პრემიერს კითხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დაუსვა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე რეაგირების ფარგლებში, ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შეიმუშავა.
პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა და ოკუპაციამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს ჩვენ საქართველოში, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა ოკუპირებული არის რუსეთის მიერ და, რასაც ვხედავთ ამ ტერიტორიებზე არის ძალიან დიდი ტკივილი, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა რაც იქ ხდება. მინდა შეგახსენოთ, რომ მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000 ადამიანი, ახლა კი, არის 20 000 და აქედან 7 000 არის რუსეთის ჯარები. აფხაზეთში კი, ომამდე მოსახლეობა იყო 550 000 და ახლა 120 000-ს არ აღემატება.
ვცდილობთ, გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივის იდეა არის ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მივცეთ მათ შანსი, კომერციული საქმიანობა აწარმოონ, რათა შემოსავალი შეიტანონ ოჯახებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფერზე საუკეთესო პასუხი იქნება საქართველოში ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება.
„ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ ყველაფრისა, იქნება ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში და ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ ამ გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ილუზიები არ გაქვს, ეს გზა ნამდვილად არის გამოწვევებით სავსე და იქნება კიდეც გამოწვევებით სავსე, თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე და აბსოლუტურად დარწმუნებული, ვარ რომ ეს არის ერთადერთი წინაპირობა ჩვენთვის, რომ მოხდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, გადაწყვეტა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საქართველოში ძლიერი დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური გარემო, სადაც ყველას ექნება შანსი, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. ეს არის ორი ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავიაროთ ამ გზაზე და მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, გადაჭრას“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი და ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ იდეას ავრცელებს.
„უფრო მეტიც, გარკვეული მიღწევებიც გაქვს ამ გზაზე. ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს იქ ეთნიკური კონფლიქტი, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ იდეას ავრცელებს, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობები უკეთესობისკენ მიდის, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი იქ, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან. თუ საქართველო წარმატებული იქნება დემოკრატიის მშენებლობაში, თუ საქართველო შექმნის კონკურენტუნარიან ეკონომიკას, ჩვენ შევძლებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან და ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და კონფლიქტები საქართველოში დგას დღის წესრიგში და ასევე, საუკეთესო ინტერესებში შედის როგორც აშშ-ის, ასევე ევროპის, დაარწმუნონ რუსეთი, რომ ეს ნაწილი მსოფლიოს იმსახურებს მშვიდობას და აქ საჭიროა კეთილდღეობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
კომენტარები