„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს. უსუფაშვილის თქმით, მათი საარჩევნო კლიპების ეროვნულ მაუწყებლებში განთავსების პროცესში პარტია პირველივე დღეს წააწყდა პრობლემებს.
„საკითხის არსიდან და ცაიტნოტიდან გამომდინარე, საჯაროდ მივმართავ ცესკო-ს თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას. საარჩევნო კლიპების ეროვნულ მაუწყებლებში განთავსების პროცესში პირველივე დღეს წავაწყდით ყოვლად წარმოუდგენელ ქაოსს:
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უშვებს ჩვენს კლიპს, რადგან ელის მარეგულირებელი კომისიის პასუხს მათ წერილზე, სადაც ითხოვენ განამრტებას კლიპში გამოყენებულ ვიდეო მასალაში სხვა ტელევიზიის ლოგოს არსებობის კანონიერების თაობაზე. არც ერთ სხვა ტელევიზიას იმავე კლიპთან დაკავშირებით მსგავსი კითხვა არ გასჩენია.
2. ტელეკომპანია რუსთავი-2 არ უშვებს ჩვენს კლიპს და გვეუბნება, რომ მარეგულირებელმა კომისიამ მათ განუმარტა, რომ უფასო საეთერო დრო ჩვენ ჯერ არ გვეკუთვნის. არც ერთი სხვა ტელევიზიისგან არ გვსმენია მსგავსი განმარტების შესახებ.
3. ტელეკომპანია „იმედი“ არ უშვებს ჩვენს კლიპს და გვეუბნება, რომ დასჭირდება კიდევ 2-3 დღე გადაწყვეტილების მისაღებად. არც ერთ სხვა ტელევიზიას არ დასჭირვებია ამდენი დრო შეთანხმებულ ვადებში მიწოდებული იმავე კლიპის შესწავლისთვის.
4. ტელეკომპანია „ტვ-პირველი“ არ უშვებს ჩვენს კლიპს ვინაიდან, თვლის, რომ კლიპის გაშვების ვადა იწყება ხვალიდან, 9 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც დღეს, 8 სექტემბერს, დასრულდება კანდიდატების განაცხადების შეტანის ვადა. არც ერთი სხვა ტელევიზია არ კითხულობს კანონს ამგვარად.
5. ტელეკომპანია „იბერიამ“ გაუშვა ჩვენი კლიპი, ვინაიდან ჩათვალა, რომ საეთერო დრო გვეკუთვნის, კლიპი კანონს შეესაბამება და მისი გაშვების კანონით დადგენილი ვადა დღეს დაიწყო. არც ერთი სხვა ტელევიზია არ ფიქრობს ასე…
არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმე შეგნებულად გვიქმნის სირთულეებს, მაგრამ განსხვავებული ინტერპრეტაციების კასკადი, საბოლოო ჯამში, საარჩევნო სუბიეტებსაც გვაზარალებს და მედიასაც… გთხოვთ, ცსკო-მ დაუყოვნებლივ, საჯაროდ და ოფიციალურად შეიტანოს სიცხადე აღნიშნულ საკითხებში.
კომენტარები