CNN-ის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც, მისი თქმით, რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ლობისტმა სემ პატენმა მისი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ინტერვიუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუგზავნა. სააკაშვილი პატენი შანტაჟში დაადანაშაულა.
„სემ პატენი 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის მონაწილე, რომ დახმარებოდა გაზპრომთან დაკავშირებულ და მის უმსხვილეს მეწილეს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც საქართველო ჩაიგდო ხელში. პოლ მანაფორტიც რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. სემ პატენი აქტიურად იყო ჩართული პრორუსული პროპაგანდისა და ბინძური ინფორმაციის გავრცელება-მანიპულირებაში.
მათ ზიანი მიაყენეს შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში. მათ არამხოლოდ დაუშვეს, რომ საქართველოში რუსებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, არამედ წავიდნენ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც შევიტყვე, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს, გამახსენდა, როგორ ბინძურ მეთოდებს იყენებდნენ, რაც მოგვიანებით იგივე სახით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აქ, ამერიკაშიც ვნახეთ.
დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა – ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშაზე რაღაცეების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის რაზე ვლაპარაკობ.
გულახდილად გეტყვით, ეს დღეებია, უფრო დიდი პრობლემები მაქვს – ეს არის ღია, რუსული ტიპის შანტაჟი. ეს ხალხი რუსებთან კავშირში არიან, მათ ქირაობენ და ნებისმიერ სიბინძურეს გააკეთებენ. მზად არიან, მოიტყუონ, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ, წავიდნენ შანტაჟზეც. რაც ჩემს შემთხვევაში გააკეთა, აჩვენებს, ეს ხალხი რაზეა წამსვლელი“, – აცხადებს სააკაშვილი.
კომენტარები