ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერმინისტრმა სერგეი შამბამ „ქვეყანაში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთი ღრმა კრიზისშია და ამაში პასუხისმგებელი დიდწილად დღევანდელი ე.წ. მთავრობაა.
„მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ეს ხელისუფლება კრიზისიდან გამოგვიყვანს. თუ უახლოეს დროში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, ისეთ უფსკრულში ჩავვარდებით, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალთ. მაშინ რაში გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც არასოდეს გვქონია. ისეთი თავისუფლება მივიღეთ, რომელიც არასოდეს გვქონია. და ამით სარგებლობა არ შეგვიძლია, ვინაიდან არაკომპეტენტური ხალხია ხელისუფლებაში.
ჩვენ ყველანი, მათ შორის მე, დამნაშავეები ვართ, რომ ისინი მოვიდნენ. რასაც მე ვხედავ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ასლან ბჟანიაა. ხალხს უნდა ავუხსნათ თუ რა ხდება. უნდა ავუხსნათ, რომ ხვალ ტრაგედია გველოდება, ისეთივე, როგორიც მე-19 საუკუნეში მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. კვლავ ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ნუთუ ეს გვინდა? მე ეს არ მსურს“, – დასძინა სერგეი შამბამ.
კომენტარები