თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარის, რაიონის გამგეობისა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად, რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს მისი საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პალიასტომის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
„საბავშვო ბაღების ნაკლებობა ჩვენი რაიონისთვის სერიოზული პრობლემა იყო, რომელსაც ეტაპობრივად ვაგვარებთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე ახალი საბავშვო ბაღია რაიონში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მდგომარეობა. ბაღების სააგენტოსთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ,“-განაცხადა რიმა ბერაძემ.
„კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღის მშენებლობა ჩუღურეთის რაიონში დასრულდა. ამ ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. 17 სექტემბრიდან ახალი N68 საბავშვო ბაღი 350 აღსაზრდელს მიიღებს,“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
რაიონის გამგეობის მიერ ბაღის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა, დაიგო ასფალტის საფარი.
კომენტარები