„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი შეაფასა. უსუფაშვილის განცხადებით, გერმანია არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოქმედი ქვეყანა და აღნიშნა, რომ ასევე ხელისშემწყობი ქვეყანაა ნატოში გაწევრიანების პროცესში.
„ანგელა მერკელმა თქვა ის, რაც მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, არც მეტი და საბედნიეროდ, არც ნაკლები, ვინაიდან, გერმანია და თავად მერკელი გამოირჩევიან ზომიერი, ფრთხილი პოზიციებით, როდესაც საკითხი ეხება ისეთ სერიოზულ და ფეთქებად საშიშ თემებს, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობა, დეოკუპაცია, საერთაშორისო წესრიგის დამყარება. ამ საკითხში გერმანია ყოველთვის ფრთხილი პოზიციებით გამოირჩევა. მერკელის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თითქოს გაუჩნდათ განცდა – რა ჩამოიტანა ან ამით რა გამოვიდა? ყველას მინდა მივმართო, რომ გერმანია არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოქმედი ქვეყანა. ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ არის აღიარებული ევროკავშირში ინტეგრირების საკითხში. გერმანია არის ხელისშემწყობი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების პროცესში, ოღონდ მათ აქვთ უფრო მეტი სიფრთხილე, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს სხვა მეგობარ სახელმწიფოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კომენტარები