გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, კანცლერის ვიზიტი იყო გზავნილი იმისა, რომ გერმანია მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.
„ეს იყო კიდევ ერთი გზავნილი, რომ გერმანია მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, კანცლერმა მერკელმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო ადგას ძალიან სწორ გზას ეკონომიკური რეფორმების და განვითარების კუთხით და ვფიქრობ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც განხილული იყო შეხვედრების დროს, როგორც გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, ისე რეგიონული გამოწვევების თემები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებები, დროის თვალსაზრისით და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანგელა მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან, იყო დასტური იმისა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს.
„განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს საოკუპაციო ხაზთან, რაც იყო დასტური იმისა, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი.
მან როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომ ის ყოველთვის, მუდმივად საუბრობს ამის შესახებ ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია ეს უსამართლობა მომავალში გაგრძელდეს და აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კომენტარები