გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ანგელა მერკელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.
სტუმრის მისაღებად თვითმფრინავთან განთავსებული იყო საპატიო ყარაულის კორიდორი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს. ასევე, გაიმართება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამასთან, გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი; საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.
კომენტარები