თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან მოემსახურება. დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით, ვებგვერდზე – https://tass-georgia.ge/.
დოკუმენტების შეტანისას განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს, რომელიც 30 აშშ დოლარს შეადგენს. მიღებულ დოკუმენტაციას ცენტრი მეორე სამუშაო დღეს აგზავნის შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, სადაც ვიზის გაცემის ან ვიზაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.
რუსეთის სავიზო ცენტრის წარმომადგენელის, ალექსეი ჩესნაკოვის განცხადებით, ცენტრში განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები იქნება. მისი თქმით, ამისთვის არსებობს კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა და სხვა შესაძლებლობები.
„ეს ცენტრი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს ვიზის აღება. ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს კომფორტულ გარემოს. ჩვენთან შემოტანილი საბუთები გადაიგზავნება რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც გადაწყდება ვიზის გაცემის ან არ გაცემის ან არგაცემის საკითხი. რაც შეეხება მოუწესრიგებელ გარემოს, ჩვენთვის გარკვეული ფაქტები ცნობილია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ალექსეი ჩესნაკოვმა.
კომენტარები