პატრიარქმა ილიამ მეორემ, ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვას „ერის მტრობა“ უწოდა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
„თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია ღვთის შიში, ის გაარჩევს სად არის ბოროტი და სად – კეთილი. ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანის მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ“
პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ხელშემწყობიც აღმოჩნდეს.
„ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას – მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“ , – განაცხადა ილიამ მეორემ საკვირაო ქადაგებაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა.
კომენტარები