უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ლასლო პაპი, რომელსაც პროტესტი გამოუცხდეს უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის გამონათქვამების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 28 ივლისს, რუმინეთში ვიზიტისას ორბანმა განაცხადა, რომ რეალობას მოკლებული არ არის უკრაინაზე რუსეთის ჰეგემონიის დამყარება და ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს კრემლისადმი პრიმიტიული პოლიტიკა და გააუქმოს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.
ასევე, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შანსები თითქმის ნულის ტოლია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს განუცხადეს, რომ დაუშვებელია პრემიერმინისტრ ორბანის მიერ კიევის ევროატლანტიკური მისწრაფებების აბუჩად აგდება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთისგან მოითხოვა შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.
კომენტარები