სამშვილდეში არქეოლოგებმა მეფე გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის მონეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამშვილდის ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევების პროცესში, მძლავრი კულტურული ფენები და არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები გამოვლინდა.
“ერთერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტების განძი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III – ისა და მეფე ლაშა – გიორგის მონეტებთან ერთად წარმოდგენილია თამარ მეფის მონეტაც წარწერით „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი.“ მეცნიერების ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ განძში მონეტების გარდა გაერთიანებულია ზოდები და ფულადი ემისსისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც მათ სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს”- აცხადებენ სააგენტოში.
კომენტარები