„მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს მომავალი, საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს იმ ძალებს, ვინც არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვისაც აქვს გამოცდილება, პროგრამა და ამავე დროს, მომავლის ხედვა.
„მთავარი, რის გამოც მოხდება გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, ეს არის ის, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად ამოუვიდა ყელში ის შეუსრულებელი დაპირებები და რაც მთავარია, ისინი ხედავენ, რომ თვალსა და ხელს შუა ხელიდან ეცლებათ ქვეყანა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქვეყნის განადგურება.
ქვეყნის განადგურების შეჩერება შეუძლია მხოლოდ იმ კანდიდატს, ვინც ყველაზე თანმიმდევრულად წარმოადგენს იმ ძალებს, ვინც არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვისაც აქვს გამოცდილებაც, პროგრამაც, მაგრამ ამავე დროს, მომავლის ხედვა. მე ვხედავ, რომ ამ პირობებს პასუხობს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და გრიგოლ ვაშაძეს ჩემი აზრით, ალტერნატივა არ ჰყავს.
როგორც ზღაპრებშია, წყვდიადი რომ გაიბნევა და უცებ მზე ამოვა, ზუსტად ასე იქნება ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად. ეგრევე მზე ამოვა და მთელი ეს წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან, მთელი ეს ჭაობი უცებ დაშრება“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები