ზაზა სარალიძესა და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას, მათ მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელი მამუკა ასათიანი შეხვდა.
როგორ მამუკა ასათიანმა ზაზა სარალიძესა და მათ მხარდამჭერებს განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაცია მათ მიერ მიღებულ საქმეებს განიხილავს. რაც შეეხება პრემიერმინისტრთან შეხვედრას, იმ შემთხვევაში, თუ ის შედგება, მამუკა ასათიანის თქმით, განხილული იქნება არამხოლოდ დავით სარალიძის საქმე, არამედ ზოგადად, საქმეთა რეგისტრაციის დროს მიღებული ყველა განაცხადი.
მთავრობის ადმინისტრაცია შეხვედრის კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა, მათი განცხადებით, დავით სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაზე პასუხი გონივრულ ვადაში გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ პრემიერმინისტრი მას შეხვდება.
„მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილის მკვლელები ისევ გარეთ დადიან. რაც შეეხება პრემიერმინისტრთან შეხვედრას, გაისაუბრებენ და იმედია, შემხვდებიან. ადმინისტრაცია საქმის კურსშია და ალბათ შეხვედრას დაგეგმავენ, ვნახოთ. მე შეხვედრას პრემიერმინისტრთან ვითხოვ, დანარჩენ საქმეებს რაც შეეხება, იმედია გადახედავენ, მოახსენებენ და გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს ცვლილება“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
კომენტარები