თავს ძალა დავატანე და ვნახე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ, იმიტომ, რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
„ამ ინტერვიუში ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ბოლო 6 წელიწადში, საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება, მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. საქართველოს, ხალხის, მოსახლეობის, შემოსავლის, ბიუჯეტის მესამედი ხმარდება ბანკების ვალების მომსახურებას. იქვე, მან ეს უტიფრად დააბრალა ორ სხვა ბანკს და ასევე თავისი მთავრობის პაიკებს.
მართალია, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ არიან მსხვილი ბანკები, მაგრამ სწორედ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება ჩემ მიერ ინიცირებულ ლაზიკის პორტში, ანაკლიაში და ასევე თბილისის ცენტრში და რის სანაცვლოდ? იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილისა და კალაძის მფლობელობაში მყოფი წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა „თიბისიმ“. ე.ი. ივანიშვილმა გააკეთა ფული, სამაგიეროდ „თიბისიმ“ მიიღო დიდი ქონება, მაგრამ მთავარი, რის თქმაც დაავიწყდა ივანიშვილს, არის ის, რომ მისი ბანკის „ქართუს“ აქტივები ბოლო წლებში გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ და რის ხარჯზე გაიზარდა? სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე, „ქართუ“ არის ყველაზე სწრაფად მზარდი მევახშე ინსტიტუტი საქართველოში.
მან ბევრი ილაპარაკა თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნესინტერესები არ აქვს საქართველოში და დაავიწყდა თავის მფლობელობაში მყოფი ხე-ტყის ბიზნესი, ოქროს ბიზნესი, უამრავი სხვა ბიზნესები, რომელიც სახელმწიფოს მიერ, სასათბურე პირობებში უზარმაზარ შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბეში. მან ილაპარაკა ქუმსიშვილზე და კვირიკაშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი „ქართუ ბანკის“ დირექტორის მოადგილე.
არა მხოლოდ ხალხის ვალი გაიზარდა ბანკების წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ვალი ბოლო ექვს წელიწადში გაიზარდა თითქმის ორჯერ.
ამ ყველაფრის ფონზე როდესაც მე მახსენებს, პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა, იმიტომ, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის ოთხჯერ და ივანიშვილის ექვსი წლის განმავლობაში მე დავტოვე 15 და 8 მილიარდი დოლარის ერთიანი ეროვნული პროდუქტი, ივანიშვილის დროს, 2016 წელს ეს იყო 500 მილიონით შემცირებული დოლარებში. სიღარიბე ჩემ დროს იგივე იუნისეფის მონაცემებით შემცირდა ორჯერ და ივანიშვილის დროს – გაიზარდა.
ნებისმიერი სხვა მმართველი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა სახლში და ეს ურცხვად აცხადებს, რომ 2030 წლამდე აპირებს საქართველოს მართვას. ე.ი. კიდევ ორჯერ ექვსი წელი. არ ვიცი თქვენ მზად ხართ თუ არა, რომ ეს მოითმინოთ, მაგრამ ქვეყანა საქართველო ამას ნამდვილად ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან.
ახლა როგორც არასდროს, არის მოქმედების დრო, შემოდგომაზე ეს გაუგებრობა ჩვენ უნდა დავასრულოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს წარმატების ახალი ეპოქა. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებულ ქვეყანათა რიგში. ეს ყველაფერი უნდა მოგვრჩეს უკან როგორც კოშმარული სიზმარი“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები