ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის. ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს.
კადრებზე, რომელიც დელფინარიუმმა გამოაქვეყნა, პატარა რამდენიმე წუთის დაბადებულია. დედა და შვილი სპეციალურად მათთვის მომზადებულ სივრცეში არიან, სადაც მწვრთნელებისა და ვეტერინარის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა 5-7 კგ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა. გახსნის დღიდან, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბათუმის დელფინარიუმში უკვე 7 ზღვის ლომი დაიბადა.
მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.
სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომი ფართოდ არის გავრცელებული პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე. ბინადრობ სატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობს ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდება ღრმა წყლებში. ზღვის ლომი იკვებება თევზებით და ზღვის სხვა ორგანიზმებით. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN) და მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.
კომენტარები