საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ. ეროვნული გვარდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა კახეთის რეგიონის მოსახლეობას ტერიტორიული რეზერვის დეტალების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება“, – წერია თავდაცვის სამინისტროს რელიზში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კომენტარები