ხადას ხეობაში მოკლულ სმიტებს აშშ-ში დაკრძალავენ. გადასვენების პროცედურები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყო. რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის შვილი მოკლული 4 ივლისს იპოვეს. ცხედრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გადაასვენეს. გადასვენების ხარჯებს აშშ-ს საელჩო ფარავს.
სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაკითხვა მიმდინარეობს. ციხეში ბრალდებულის დასაკითხად გამომძიებლები და მისი ადვოკატი დავით გირგვლიანი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მალხაზ კობაურმა თავდაპირველად ბრალი აღიარა, შემდეგ კი სასამართლო პროცესზე – უარყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
კომენტარები